აქვს თუ არა სახელმწიფოს დანაშაულის პატიების უფლება?

aqvs Tu ara saxelmwifos danaSaulis patiebis ufleba

განრიდება - ეს არის სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი. განრიდების შემთხვევაში პირს არ ექნება ნასამართლობა.
განრიდება საშუალებას აძლევს პროკურორს, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ზოგიერთ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის პირობებში და ამავე დროს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.
პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს:
- უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება;
- დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა;
- მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება;  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი;
- საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40 საათიდან 400 საათამდე;
თუ პირი (განრიდების სუბიექტი) არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. განრიდება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს წინასასამართლო სხდომის შემდეგ, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბრალდებულმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს განრიდების შესახებ, საჭიროა კონსულტაცია გაიაროს კვალიფიციურ ადვოკატთან და ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.